English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ თენგიზ ვერულავა ქეთევან ომანაძე
ანტიკრიზისული პროცესების მართვა სამედიცინო კლინიკებში

ანოტაცია. კრიზისის პირობებში მენეჯერებს ესაჭიროებათ ახალი ცოდნა, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზაციებისათვის მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარ განსჭვრეტისა და თავიდან აცილების უნართან, ამასთან, აუცილებელია სწრაფი რეაგირება, რათა მინიმუმადე დაიყვანოს ზიანი და დაძლიოს მისი შედეგები.

კრიზისების დაძლევის შესაძლებლობას გვაძლევს ანტიკრიზისული მართვის თეორია, რომელმაც მნიშვნელოვანი განვითარება მიიღო ბოლო ათწლეულის განმავლობაში.  ანტიკრიზისული მენეჯმენტი არის მეთოდებისა და ტექნიკის ერთობლიობა, რომლიც საშუალებას აძლევს მენეჯერს განახორციელოს კრიზისების პრევენცია, დაძლიოს ზიანის უარყოფითი შედეგები და შეამსუბუქოს კრიზისის მიმდინარეობა.

გამომდინარე იქედან, რომ ანტიკრიზისული  მენეჯმენტი ჯანდაცვაში ახალი სიტყვაა, აქტუალურია, არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად კრიზისებთან  გასამკლავებლად,  როგორ ვმართოდ კრიზისული  სიტუაცია, რომელიც სხვადასხვა ფაქტორების გავლენით იქმნება სამედიცინო დაწესებულებებში, რამდენად სწრაფად ადაპტირდებიან კლინიკები შექმნილ სიტუაციებთან.

საკვანძო სიტყვები: ანტიკრიზისული მენეჯმენტი, ჯანდაცვა. 

კატასტროფების არსი

ტერმინი „კატასტროფა“ გულისხმობს მოულოდნელ მოვლენას, რომელიც იწვევს ადამიანების დიდი რაოდენობის ავადმყოფობას ან დაზიანებას. გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის მიხედვით, კატასტროფებისთვის მზადყოფნა ნიშნავს სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობას და უნარს, მოახდინონ ეფექტური რეაგირება და სწრაფად გამოვიდნენ კატასტროფების უარყოფითი ზემოქმედებისგან.

საავადმყოფოები დიდ როლს ასრულებენ კატასტროფული მოვლენების მართვაში, რომელიც ძირითადად სიცოცხლის გადარჩენაზეა ფოკუსირებული. (Mulyasari, 2013)  საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა მიზნად ისახავს ავადობისა და სიკვდილიანობის პრევენციას, დაზიანებულებზე ზრუნვას, ნორმალური ჯანმრთელობის აღდგენის უზრუნველყოფას, ჯანდაცვის სერვისების აღდგენას, პერსონალის დაცვას.

საავადმყოფოები მიეკუთნება ჯანდაცვის ცენტრებს, რომელთა სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კატასტროფებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაში. შესაბამისად, საავადმყოფოები დაპროექტებული და აშენებული უნდა იყოს კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვისათვის. კატასტროფები გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე, იწვევს ჯანდაცვის სექტორის გადატვირთულობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ექსპერტთა აზრით, დაახლოებით 3,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს სტიქიური უბედურების ცხელ წერტილში. კატასტროფების მართვისათვის საჭიროა რისკის შეფასება, სტრუქტურული და არასტრუქტურული პრევენცია და საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის, გაფრთხილებისა და ევაკუაციისათვის მზადყოფნა. (Bajow, 2014) საზოგადოების არცერთი ნაწილი არ არის დაცული კატასტროფებისგან, ყოვლელწლიურად მილიონობით ადამიანი განიცდის სტიქიურ უბედურებას. კატასტროფები ტოვებენ ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიცაა: ეკონომიკური ზარალი, დაღუპულთა დიდი რაოდენობა. ყველაზე დიდი გავლენა ამ მხრივ აქვთ ეკონომიურად ღარიბ ქვეყნებს. (Heidaranlu E, 2015)

კატასტროფების კვალიფიკაცია იყოფა ორ ნაწილად, ბუნებრივი კატასტროფები, რომელსაც მიეკუთნება: ბუნებრივი მოვლენები (მიწისძვრა, ცუნამი, წყალდიდობები) და ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფები: ომი, ბირთვული, ბიოლოგიური, ქიმიური ომი.

საავადმყოფოს კატასტროფის გეგმა

საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფული მოვლენებისთვის მზადყოფნა ნებისმიერი საავადმყოფოს ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია. თითოეულ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს გეგმა გადაუდებელი მოვლენებისათვის, რომლებმაც უნდა მოახდინოს გადაუდებელი მოვლენების კატეგორიზაცია დონეებად, მოვლენის ბუნების მიხედვით. ასევე, გეგმამ უნდა განსაზღვროს კატასტროფების მართვის გუნდები და პერსონალის ხელმისაწვდომობა. (United Nations Development Program and government of India, 2002)

საავადმყოფოს კატასტროფების მართვის გეგმის მთავარი მიზანია, პერსონალის ოპტიმალურად მომზადება საავადმყოფოს ინსტიტუციური რესურსებისა და სტრუქტურების ეფექტური მუშაობისათვის. (DISASTER MANAGEMENT PLAN) საავადმყოფოს კატასტროფების მართვის გეგმა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საავადმყოფოს  პერსონალისთვის. კატასტროფის გეგმა უნდა იყოს ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა რომლიც უნდა მოიცავდეს კატასტროფისთვის მზადყოფნას, რეაგირება და აღდგენას.

საავადმყოფოს კატასტროფის გეგმების პრინციპებია: გეგმა უნდა იყოს მარტივი და ოპერატიულად ფუნქციონალური; უნდა იყოს შესრულებადი სხვადასხვა ფორმის კატასტროფებისათვის; უნდა იყოს საკმარისად ყოვლისმომცველი, რათა მოხდეს საავადმყოფოების ქსელისათვის საერთო პოლიტიკის ფორმულირება; გეგმა უნდა იყოს ადაპტირებადი, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფის გეგმა მიზნად ისახავს სტანდარტის უზრუნველყოფის პროცედურებს; არ უნდა იყოს იზოლირებული, არამედ უნდა იყოს ინტეგრირებული რეგიონულ და ქვეყნის გეგმასთან.

საავადმყოფოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაში. საზოგადოება მას აღიქვამს, როგორც დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების სასიცოცხლო რესურსს. კატასტროფების დროს საავადმყოფო იძულებულია უზრუნველყოს პაციენტების დიდი რაოდენობის მომსახურება შეზღუდულ დროში, რაც იწვევს მისი ინფრასტრუქტურის გადატვირთვას. შესაბამისად, საავადმყოფოებისთვის კატასტროფა არის „რესურსების დროებითი ნაკლებობა, რომელიც გამოწვეულია, პაციენტის მოულოდნელად დიდი რაოდენობით შემოდინებით“. საავადმყოფოს კატასტროფების მენეჯმენტი, იძლევა სიტუაციის დაგეგმვის, რაციონალური რეაგირების შესაძლებლობას.

       კატასტროფის მართვა შეუძლებელია სახელმწიფოსა და  საერთაშორისო სააგენტოების ჩართულობის გარეშე. კატასტროფების ნეგატიური შედეგების შესამცირებლად მნიშვნელოვანია საზოგადოების მომზადება. (Panel. E., 2018)

      საავადმყოფოს კატასტროფების მართვადაყოფილია სამ ეტაპად: კატასტროფამდელი ფაზა, კატასტროფის ფაზა, კატასტროფის შემდგომი ფაზა.

კატასტროფამდელი ეტაპი მოიცავს მომზადების პროცესს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია კატასტროფულ მოვლენებზე ეფექტური რეაგირებისათვის. საავადმყოფოებისათვის ეს ეტაპი მოიცავს გადაუდებელი შემთხვევების დაგეგმვას, კატასტროფებზე რეაგირებაში ჩართული პერსონალის განათლებასა და ტრენინგს (Chimenya, 2011)

კატასტროფის ფაზა შესაძლოა დაიყოს სამ ქვეფაზად:

ა) აქტივაციის ეტაპზე ინიშნება საავადმყოფოს კატასტროფების მართვის მთავარი მენეჯერი.

ბ) საოპერაციო ფაზაში დაზიანებულ ადამიანებს უტარდებათ ჰოსპიტალური ოპერაციები გადაუდებელი დახმარების გეგმის შესაბამისად.

გ) დეაქტივაციის ქვეფაზაში მცირდება მსხვერპლთა ნაკადი, შედეგად, იგი არ აჭარბებს საავადმყოფოს რესურსებს და ხდება გადაუდებელი დახმარების გეგმის დეაქტივირება. (United Nations Development Program and government of India, 2002)

კატასტროფის შემდგომი ფაზა უნდა იყოს ინტეგრირებული გადაუდებელი დახმარების გეგმასთან. იგი მოიცავს კატასტროფამდელი და კატასტროფის ფაზების ყველა აქტივობის შეფასებას და განსაზღვრავს მათი გაუმჯობესების მოქმედებებს მომავალში. (Chimenya, 2011)

კატასტროფისთვის ჰოსპიტალური მზადყოფნ

კრიზისის დროს საავადმყოფოების მზადყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. (Jacques, 2014) მზადყოფნა გულისხმობს მოქმედებებს, რომლებიც მიიღება მოსალოდნელი ან მიმდინარე საფრთხის ეფექტიანი რეაგირებისათვის. საავადმყოფოს კატასტროფებისთვის მზადყოფნისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებულთა მასიური შემოდინების გეგმა ცნობილი იყოს პროფესიონალების მიერ. (Paganini. M., 2016) ბევრი საავადმყოფო კრიზისის დროს განიცდის საწოლების დეფიციტს  და სამედიცინო პერსონალის არასრულფასოვან მომსახურებას. მოულოდნელ მოვლენებზე სათანადო რეაგირებისთვის საჭიროა სათანადო მზადყოფნაა. ყველა მოვლენა უნიკალურია და თითოეულ საავადმყოფოს აქვს თავისი სიტუაცია, მაგრამ უნდა არსებობდეს ერთიანი მკაფიო გეგმა კრიზისებთან საბრძოლველად. (Mastaneh. Z., 2013) კრიზისების წინააღმდეგ გეგმას სჭირდება სათანადო ექსპერტიზა, განათლება, რესურსები და მზადყოფნა. (Luc, Greet, & Kurt, 2014)

ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ლოს-ანჯელესის 45 საავადმყოფოში ჩატარდა, საავადმყოფოების 96%-ს გააჩნდა გადაუდებელი შემთხვევების მართვის სისტემა (ICS), მხოლოდ 29%-ს ჰქონდა 20 საწოლზე მეტი რაოდენობა, 42%-ს - 10 ან მეტი იზოლირებული ოთახი, 29%-ს - ვენტილაციის ექვსი ან მეტი ხაზი. (Amy H Kaji, 2006)

 იტალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც მოიცავდა 85 გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს და მიზნად ისახავდა საავადმყოფოს პერსონალის ცოდნის დონის შესწავლას გადაუდებელი დახმარების გაწევის გეგმის  შესახებ, პერსონალის მხოლოდ 45% იცის რა არის გადაუდებელი დახმარების გაწევის გეგმა, 41% იცის ვინ არიან ჩართულნი გეგმით გაწერილ აქტივობებში, 38% იცოდა ვინ იყო პასუხისმგებელი კატასტროფის გეგმაზე. ამგვარად, შედეგებმა აჩვენა, რომ სამედიცინო პერსონალს კატასტროფების დაგეგმვის ძირითადი კონცეფციების ცოდნის საკმაოდ დაბალი დონე აქვს. (Paganini. M., 2016)

იაპონიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც მიზნად ისახავდა საავადმყოფოს მზადყოფნისა და გადაუდებელ მოვლენებზე რეაგირების შესაძლებლობის შეფასებას ლიკერტის 6 ბალიან სკალაზე, გამოავლინა შეფასების დაბალი საშუალო  ქულა 2,63. ექთნებმა აღიარეს რომ არ ჰქონდათ სხვადასხვა კატასტროფულ სიტუაციაში რეაგირების სათანადო ცოდნა, კერძოდ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია საავადმყოფოს კატასტროფის გეგმის შესახებ, მაგრამ იცოდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ მის შესრულებას. (Öztekin. S, 2016)

ტეხასის შტატში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა კატასტროფული სიტუაციების მართვისათვის მზადყოფნაზე მედდების უნარ ჩვევების შეფასებას, რესპოდენტთა უმეტესობა არ იყო დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში, უპასუხოს კატასტროფებს. (Baack. S, 2013)

ინდოეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა კატასტროფის გეგმის შესახებ საავადმყოფოების ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შესწავლას რესპოდენტთა 40.5%-მა იცოდა კატასტროფის გეგმის კონცეფცია, ხოლო 61.3%-მა იცოდა კატასტროფის ტრენინგების შესახებ, 83.3% თვლიდა, რომ ყველა ჯანდაცვის მუშაკმა უნდა იცოდეს კატასტროფის გეგმის შესახებ, 90.5%-ის აზრით, კატასტროფებისთვის მზადყოფნის ტრენინგი აუცილებელია მთელი პერსონალისთვის. (Sharma. S., 2016)

   ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის შესწავლას კატასტროფულ მოვლენებზე რეაგირებისათვის, აჩვენა რომ, კატასტროფების მართვის მომზადების საშუალო დონე (68%). (Djalali. A., 2014) 

მსგავსი კვლევები ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში (Moabi. MR., 2009), ირანში (Bajow. NA., 2014), საუდის არაბეთში (Al-Shareef. AS., 2016) იორდანიაში (Al Khalaileh. MA., 2012)

კატასტროფების შედეგად ჯანდაცვის სისტემების დაზიანება ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, იწვევს უზარმაზარ ეკონომიკურ ზარალს. სამედიცინო ორგანიზაციები მზად უნდა იყვნენ საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების უზრუნველსაყოფად.

ჰოსპიტალური კატასტროფისთვის მზადყოფნის ინდიკატორები.

კომუნიკაცია და კოორდინაცია: შიდა და გარე საკომუნიკაციო სისტემები აუცილებელია საავადმყოფოების სათანადო ფუნქციონირებისთვის, სხვა ჯანდაცვით ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის. კომუნიკაცია აუცილებელია პერსონალის გამოძახების, შეტყობინებების გაგზავნისა და პაციენტების საავადმყოფოებს შორის გადაყვანის კოორდინაციისთვის. (Bagaria. J., 2009)

 სასწრაფოსამედიცინოდახმარებისმოთხოვნისზრდა: კატასტროფების დროსპაციენტთა მოცულობის ზრდის გარდა, მოსალოდნელია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე მოთხოვნის ზრდა. (McManus. J., 2006) ყოველდღიური ოპერაციების, ადექვატური სივრცისა და პერსონალის მართვის უნარი პირდაპირ გავლენას ახდენს საავადმყოფოების უნარზე გაუმკლავდნენ პაციენტთა ჭარბ ნაკადს გადაუდებელი სიტუაციების დროს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის გადატვირთულობა კრიტიკული პრობლემაა. საავადმყოფოს უხდება დაზიანებების მასობრივ შემთხვევებთან გამკლავება, რისთვისაც იძულებულია გააფართოვოს თავისი რესურსები და განხორციელდეს ისეთი ქმედებები, როგორიცაა: გეგმიური ოპერაციების გაუქმება, პაციენტთა სასწრაფო გაწერა სტაციონარიდან, ალტერნატიური მოვლის ზონების გახსნა, სამედიცინო პერსონალის მობილიზება.

ტრიაჟი: ტრიაჟი არის პაციენტის მკურნალობის პრიორიტეტის განსაზღვრის პროცესი, მათ მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით და მოიცავს სამ კატეგორიას: ა) ისინი, ვინც სავარაუდოდ გადარჩებიან, მიუხედავად გაწეული სამედიცინო მომსახურებისა; ბ) მათ, ვისაც გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ; გ) მათ ვისთვისაც გადაუდებელმა დახმარებამ  შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს შემდგომში. (Iserson. KV., 2007)

       დღესდღეობით საავადმყოფოების უმეტესობა იყენებს ტრიაჟის სისტემას, რათა დადგინდეს მკურნალობის პრიორიტეტი სხვადასხვა პაციენტებისთვის, რომლებიც მიიყვანეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტებში. ტრიაჟის სისტემაში მონაწილეობს კვალიფიციური ექთანი ან ექიმი, რათა შეაფასოს ყველა პაციენტი და დაახარისხოს ისინი დაავადების ან დაზიანების სიმძიმისა და მკურნალობის საჭიროების მიხედვით. შერჩეული კვალიფიციური ექთნები და ექიმები გადიან ტრენინგს ტრიაჟის შესახებ, ხოლო სისტემის ეფექტურობის შესაფასებლად ტარდება პერიოდული მონიტორინგი. ტრიაჟის სისტემაში იყენებენ ფერად ტეგებს პაციენტების კატეგორიიზაციისთვის მათი მკურნალობის საჭიროების მიხედვით (International Committee of Red Cross, 2016):

  • წითელი ფერი: ამ ტიპის პაციენტებს აქვთ უმაღლესი პრიორიტეტი და საჭიროებენ სასწრაფო ჩარევას. პაციენტებში გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები, მათ შორის სისხლდენა, სუნთქვის დისტრესი ან სუნთქვის უკმარისობა, თავის მძიმე დაზიანება.
  • ყვითელი ფერი: ამ პაციენტებს აწუხებთ საშუალო სიმძიმის დაავადება ან ტრავმა, მაგრამ მათი მდგომარეობა სტაბილურია და შეუძლიათ 1-2 საათის განმავლობაში იყვნენ დაყოვნების რეჟიმში. მათ სჭირდებათ დაკვირვება და პერიოდული შეფასება რაიმე ცვლილების გამოსავლენად. მაგალითად, სტაბილური მოტეხილობები, ჭრილობები აქტიური სისხლდენის გარეშე, მუცლის ტკივილი.
  • მწვანე ფერი: პაციენტები უჩივიან მსუბუქ დაზიანებას ან ავადმყოფობას და ჩვეულებრივ, თვითონ მიმართავენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში. მათ არ სჭირდებათ დაუყოვნებელი მკურნალობა და შეუძლიათ რამდენიმე საათი ან დღე იყვნენ მოცდის რეჟიმში. მათ შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი მედიკამენტები და მკურნალობა განაგრძონ ბინაზე ან ამბულატორიულ კლინიკაში. მაგალითად, დაბალი ხარისხის ცხელება, თავის ტკივილი, თირკმლის კოლიკა…
  • შავი ფერი: პაციენტები იმდენად მძიმედ არიან დაზიანებულები, რომ ნაკლებად სავარაუდოა გადარჩნენ სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევით. კატასტროფების დროს ამ პაციენტებს ჩვეულებრივ ათავსებენ სპეციალურ ზონაში, მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციებში ტარდება გარკვეული ინტერვენციები მათი სიცოცხლის გადასარჩენად. პაციენტებს აქვთ   დიდი ფართობის დამწვრობა, მძიმე მრავლობითი ტრავმა, მათ შორის ტვინის ქსოვილის დაზიანება, გულმკერდის მძიმე ჭრილობები.

სასიცოცხლოობიექტებისუსაფრთხოებადა ტექნიკურიუსაფრთხოება.

თითოეულ ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს სამაშველო საშუალებების უსაფრთხოების მართვის პროტოკოლები, რათა უზრუნველყოს საავადმყოფოში ყველა რგოლის გამართული მუშაობა ნებისმიერ გარემოებებში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისეთი სასიცოცხლო ობიექტების უსაფრთხოება, როგორიცაა: ელექტრომომარაგება, ელექტროენერგიის გენერატორები, სუფთა წყალმომარაგება, ჟანგბადის მიწოდება და საცავი, გადაუდებელი გასასვლელი სისტემა და ნარჩენების მართვისა და განადგურების სისტემა.

    საგანგებო სიტუაციებში დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლე და კეთილდღეობა ყოველთვის დაცული უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს წუთებსა და საათებს, რადგან დრო სიცოცხლის გადარჩენის არსებითი ფაქტორია. კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის მიზანია ინფრასტრუქტურის, სერვისების დაზიანების შემცირება. (WHO, Making health facilities safe in emergencies and disasters, n.d.)

   იმისათვის, რომ უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულება დარჩეს ხელუხლებელი, ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად ფუნქციონირებდეს საგანგებო ან კატასტროფის მდგომარეობის დროს, უნდა  ეყრდნობოდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა:

  • ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს პაციენტთა დიდი ნაკადების შემოდინებას კატასტროფის დროს და ჰქონდეს თავდაცვითი მექანიზმი ყველანაირი საფრთხისგან.
  • მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ხელმისაწვდომი და დაცული უნდა იყოს ყველანაირი საფრთხისგან.
  • ინფრასტრუქტურა და კრიტიკული სერვისები (წყალი, ელექტროენერგია, საკვები) რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების მიწოდების მხარდასაჭერად.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სამედიცინო დახმარების გაწევა უსაფრთხო და დაცულ გარემოში.

       ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ჰოსპიტალის უსაფრთხოების ინდექსი არის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებენ ჯანდაცვის ორგანოები, სამედიცინო ორგანიზაციების უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციებში ფუნქციონირების შესაფასებლად. ინსტრუმენტი მოიცავს შეფასების ფორმებს, შემფასებელთა სახელმძღვანელოს და უსაფრთხოების ინდექსის კალკულატორს. (WHO, n.d.)

საავადმყოფოები და განსაკუთრებით მათი გადაუდებელი დახმარების განყოფილებები კატასტროფებზე რეაგირების გადამწყვეტი ელემენტებია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ისინი სათანადოდ მომზადებული უმდა იყვნენ ისეთი მოვლენებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფები, მოსახლეობის მასობრივი დაზიანების შემთხვევები და ტერორისტული თავდასხმები. (Barten. Dennis G. Vincent W. Klokman, 2021)

კატასტროფების გავლენა საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის სისტემაზე

კატასტროფების ზემოქმედებამ შეიძლება დაარღვიოს ან გაანადგუროს საავადმყოფოების ფუნქციონირების და დაზიანებულთა ფართომასშტაბიანი მომსახურების შესაძლებლობა. შედეგად, საავადმყოფოებმა შეიძლება დაკარგონ კატასტროფებთან წინააღმდეგობის უნარი და გამოიწვიოს უარყოფითი ზემოქმედება ჯანდაცვის სისტემაზე, რაც თავის მხრივ, განაპირობებს გადაუდებელი ჯანდაცვის სერვისების კოლაფსს. (United Nations, 2009) გარდა ამისა, კატასტროფის შედეგად დაზიანებულთა მკურნალობის ხარჯებმა შეიძლება გაამწვავოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. კატასტროფის სიტუაციის დროს ჯანდაცვის სერვისების  ეფექტური მიწოდებისთვის საჭიროა სასწრაფო დახმარების მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია და კოორდინაცია. (Pan American Health Organization / World Health Organization, 2005)

საავადმყოფოების უნიკალური პოზიცია სირთულის თვალსაზრისით მათ დაუცველს ხდის საფრთხეების მიმართ. საავადმყოფოებს ესაჭიროებათ ადეკვატური სამედიცინო მარაგი და მედიკამენტები, ელექტროენერგიის, წყლისა და ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება. (Pan American Health Organization / World Health Organization, 2005) გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს კრიზისის დროს მოვალეობების არასწორი გადანაწილება. (Pan American Health Organization / World Health Organization, 2005) კატასტროფების დროს იქნება დაზიანებულთა დიდი რაოდენობა, რომლებსაც სჭირდებათ სათანადო მოვლა და ყურადღება. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სახლი და საავადმყოფო გახდეს თავშესაფარი. (Alshehri. A., 2012) 

კატასტროფების მიმართ საავადმყოფოების მზადყოფნის ბარიერები

     კატასტროფებზე რეაგირების უპირველესი მიზანია წესრიგის აღდგენა, დაზარალებული საზოგადოების მხარდაჭერა და მათი პრობლემების მინიმუმამდე დაყვანა. კატასტროფებზე რეაგირების სამი სასიცოცხლო ეტაპი არსებობს: მზადყოფნა, რეაგირება და აღდგენა.

მზადყოფნა მოიცავს მატერიალური და პერსონალურ რესურსებთან დაკავშირებით რისკების შეფასებას, ეფექტურ დაგეგმვას, სამედიცინო რეაგირების ტაქტიკას და პერსონალის მუდმივ მომზადებას, საველე ვარჯიშების ჩათვლით. ასევე, მოიცავს ტრიაჟს, უსაფრთხო ტრანსპორტირებას საავადმყოფოებში სრულყოფილი მკურნალობისათვის.

აღდგენის ფაზა არის ადაპტაციის და წონასწორობის დაბრუნების ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც საზოგადოებამ და ინდივიდებმა უნდა გაიარონ. კატასტროფის შეფასება იწყება რეაგირების გეგმისა და მისი გაზომვადი მიზნების განხილვით. შეფასების ჩატარების პროცესში შეფასებები მიმართულია საქმიანობის ხუთ სფეროზე: სტრუქტურა, პროცესი, შედეგები, რეაგირების ადეკვატურობა და ხარჯები. კატასტროფების მართვასა და რეაგირებაში თითოეულ სპეციალისტს (ქირურგები, ანესთეზიოლოგები, ექთნები, პედიატრები და ფსიქიატრი) აქვს როლი. (Shannon L. Wagner, 2009)

   საავადმყოფოები კომპლექსურია და დამოკიდებულნი არიან გარე მხარდაჭერისა და მიწოდების ხაზებზე. შესაბამისი საგანგებო მდგომარების გეგმის გარეშე, საავადმყოფოები შეიძლება გადატვირთონ კატასტროფული მოვლენის დროს შესაბამისი რაოდენობის პერსონალის დეფიციტით, შეზღუდული რესურსებით. მაღალი მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე და კომუნიკაციისა და მიწოდების ხაზების შეფერხება მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად. (WPRLD HEALTH ORGANIZATION, 2011)

  კვლევები აჩვენებენ, რომ მთავარი პრობლემები დაკავშირებულია დაგეგმვის სხვადასხვა ასპექტთან, მათ შორის: თანმიმდევრული პროგრამების ნაკლებობა, ჯანდაცვის საჭიროებებზე ყურადღების ნაკლებობა, უწყებებს შორის ცუდი კოორდინაცია, ორგანიზაციების და პერსონალის შესაბამისი ტრენინგის ნაკლებობა. (Nekoei-Moghadam. M., 2016)

კატასტროფების დროს ჯანდაცვის სისტემა განიცდის მრავალ დაბრკოლებას: საავადმყოფოები ხდება გადატვირთული, იქმნება აუცილებელი წამლებისა და მარაგების მწვავე დეფიციტი, არასაკმარისი საწვავი, პერსონალის ნაკლებობა, კვალიფიციური პერსონალის მიგრაცია. აღნიშნული დაბრკოლებები ართულებს მწირი რესურსებით დიდ რაოდენობით პაციენტების მკურნალობას, ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე.

  სამხედრო კონფლიქტები გავლენას ახდენენ ცხოვრების ყველა ასპექტზე და წარმოადგენს რეალურ გამოწვევას ჯანდაცვის სისტემისთვის. ამ ვითარებაში საგანგებო სიტუაციების სამსახურს უწევს  დიდი ზეწოლის ქვეშ მუშაობა, არაადეკვატური ადამიანური რესურსებით, მედიკამენტებისა და სამაშველო აღჭურვილობის ნაკლებობით. (Hamdan. M, 2017)

საქართველოში გასული სამი ათწლეულის პერიოდში მომხდარი საომარი კონფლიქტები გავლენას ახდენენ საგანგებო სიტუაციებთან გამკლავებაში ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებზე. ამ მხრივ საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა.

დასკვნა

კრიზისის და კატასტროფების დროს საავადმყოფოები რისკის ქვეშ არიან. ეს ეხება ომს, საგანგებო სიტუაციას, ინფექციის გავრცელებით წარმოქმნილ რისკებს, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორისთვის. იმ შემთხვევაში თუ საავადმყოფო არ არის მზად მსგავსი სიტუაციებთან გასამკლავებლად იქმნება საავადმყოფოს ადმინისტრაციისა და პერსონალის შესაძლებლობების პრობლემები პაციენტების უსაფრთხოების დასაცავად. ამიტომ აუცილებელია საავადმყოფოებმა და სამედიცინო პერსონალმა გააძლიერონ მზადყოფნა ამ გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან საბრძოლველად.

კატასტროფებთან გამკლავებისათვის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამძლეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ადექვატური მომზადება. ეს გულისხმობს კატასტროფების საფუძვლიანი გეგმის შემუშავებას, რომელიც უნდა გამოიყენონ საგანგებო სიტუაციების დროს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  • Al Khalaileh. MA. (2012). Jordanian nurses' perceptions of their preparedness for disaster management. INTERNATIONAL EMERGENCY NURSING, 20(1), 14-23. doi:10.1016/j.ienj.2011.01.001
  • Al-Shareef. AS. (2016). Evaluation of Hospitals' Disaster Preparedness Plans in the Holy City of Makkah (Mecca): A Cross-Sectional Observation Study. PREHOSPITAL AND DISASTER MEDICINE, 35(1), 33-45. doi: 10.1017/S1049023X16001229
  • Alshehri. A. (2012). The Hospital’s role within a regional disaster response: A Comparison study of an urban hospital versus a rural hospital. Retrieved from RIT SCHOLAR WORKS: https://scholarworks.rit.edu/theses/704/
  • Al-Thobaity. A. (2015). Perceptions of knowledge of disaster management among military and civilian nurses in Saudi Arabia. AUSTRALASIAN EMERGENCY NURSING JOURNAL, 18(3), 156-164. doi: 10.1016/j.aenj.2015.03.001
  • Amy H Kaji, R. J. (2006, AUGUST 2). Hospital disaster preparedness in Los Angeles County. ACAD EMERG MED, 13(11), 1198-1203. doi:10.1197/j.aem.2006.05.007
  • Ashour. MZG. (2013). Emergency preparedness and response of the Palestinian health system to an Israeli assault on the Gaza Strip, occupied Palestinian territory, in 2012: a qualitative assessment. THE LANCET. Retrieved from https://www.thelancet.com/
  • Baack. S. (2013). Nurses' preparedness and perceived competence in managing disasters. JOURNAL OF NURSING SCHOLARSHIP, 45(3), 281- 287. doi:10.1111/jnu.12029
  • Bagaria. JH. (2009). Evacuation and Sheltering of Hospitals in Emergencies: A Review of International Experience. Prehospital and Disaster Medicine, 24(5), 461 - 467. doi:10.1017/S1049023X00007329
  • Bajow, NA. (2014). Evaluation and Analysis of Hospital Disaster Preparedness in Jeddah. Scientific Research Publishing, 6(19), 2668-2687. doi: 10.4236/health.2014.619306
  • Bajow. NA. (2014). Evaluation and Analysis of Hospital Disaster Preparedness in Jeddah. SCIENTIFIC RESEARCH AN ACADEMIC PUBLISHER, 6(19), 2668-2687. doi:10.4236/health.2014.619306
  • Barten. Dennis G. Vincent W. Klokman, S. C. (2021) When disasters strike the emergency department: a case series and narrative review. International Journal of Emergency Medicine, 14(49). doi:doi.org/10.1186/s12245-021-00372-7
  • Chimenya, G. (2011). Hospital emergency and disaster preparedness: A study of Onandjokwe Lutheran hospital, northern Namibia. MA Thesis, disaster management training and education center for Africa, University of the Free State. UNIVERSITY OF THE FREE STATE, DISASTERS MANAGEMENT TRANING AND EDUCATION CENTER FOR AFRICA, NAMIBIA.
  • Corbaley, S. (2010). A descriptive study to determine the level of crisis preparedness frontline leaders are trained to perform during an exploding crisis in Los Angeles County healthcare facilities, providing emergency services. California: University of La Verne. მოპოვებული https://eric.ed.gov/?id=ED520993-დან
  • Djalali. ADC. (2014). Art of disaster preparedness in European union: a survey on the health systems. PUL MED GOV. doi:10.1371/currents.dis.56cf1c5c1b0deae1595a48e294685d2f
  • FEMA. (2006). NIMS IMPLEMENTATION ACTIVITIES FOR HOSPITALS AND HEALTHCARE SYSTEMS.  https://www.fema.gov/pdf/emergency/nims/imp_hos.pdf
  • Hamdan. MAA. (2017). Burnout among workers in emergency Departments in Palestinian hospitals: prevalence and associated factors. BMC Health Services Research, 17(405). doi:10.1186/s12913-017-2356-3
  • Heidaranlu EEA. (2015) Hospital Disaster Preparedness Tools: a Systematic Review. PLOS CURRENTS. doi:10.1371/currents.dis.7a1ab3c89e4b433292851e349533fd77.
  • INSTITUTE OF MEDICINE OF THE NATIONAL ACADEMIES. (2007). Hospital-Based Emergency Care: At the Breaking Point.Disaster Preparedness. washington, USA: NATIONAL ACADEMIES PRESS. doi:10.17226/11621
  • Iserson. KV. (2007). Triage in medicine, part I: Concept, history, and types. ANNALS OF EMERGENCY MEDICINE, 49(3), 275-281. doi:10.1016/j.annemergmed.2006.05.019
  • Jacques, CCR. (2014) Resilience of the Canterbury hospital system to the 2011 Christchurch earthquake. Earthquake Spectra,. SAGE Journals, 30(1), 533-554. doi:doi.org/10.1193/032013EQS074M
  • Justin Barr, MP. (2020). A NATIONAL MEDICAL RESPONSE TO CRISIS- THE LEGACY OF WORLD WAR 2. PERSPECTIVE HISTORY OF MEDICINE, 383, 613-615. doi:10.1056/NEJMp2008512
  • Kearns. RDCK. (2014). Disaster planning: the basics of creating a burn mass casualty disaster plan for a burn center. Journal of Burn Care Research, 35(1), 1-13. doi: 10.1097/BCR.0b013e31829afe25
  • Luc, M., Greet, D., & Kurt, A. (2014). Belgian senior medical students and disaster medicine, a real disaster? European Journal of Emergency Medicine, 21(1), 77-78. doi:10.1097/MEJ.0b013e3283643874
  • Mastaneh. ZM. (2013). Capabilities and limitations of crisis management in the Teaching Hospitals of Hormozgan University of Medical Sciences. SCIENTIFIC RESEARCH AND ESSAYS, 8(26), 1196- 1202. doi:doi.org/10.5897/SRE11.1668
  • McManus. JHK. (2006) The science of surge: detection and situational awareness. ACADEMIC EMERJENCY MEDICINE, 13(11), 1179-1182. doi:10.1197/j.aem.2006.06.038
  • Moabi. MR. (2009). Knowledge, attitudes and practices of health care workers regarding disaster preparedness at Johannesburg hospital in Gauteng Province, South Africa. SEMANTIC SCHOLAR.
  • Mulyasari, F. (2013). Disaster preparedness: looking through the lens of hospitals in Japan. Int J Disaster Risk Science, 4(2), 89-100. doi:doi:10.1007/s13753-013-0010-1
  • Nekoei-Moghadam. MAM. (2016). Investigation of obstacles against effective crisis management in earthquake. JOURNAL OF ACUTE DISEASE, 5(2), 91-95. doi:10.1016/j.joad.2015.10.001
  • Öztekin. SD. (2016). Japanese nurses' perception of their preparedness for disasters: Quantitative survey research on one prefecture in Japan. JAPAN JOURNAL OF NURSING SCIENCE, 13(3). doi:10.1111/jjns.12121
  • Paganini. MBF. (2016). Assessment of disaster preparedness among emergency departments in Italian hospitals: a cautious warning for disaster risk reduction and management capacity. Scandinavian Journal of Trauma, Resuscitation and Emergency Medicine, 24(101). doi:doi.org/10.1186/s13049-016-0292-6
  • Pan American Health Organization / World Health Organization. (2005).
  • Panel. E. (2018). HOSPITAL DISASTER GUIDELINES. DIRECTORATE OF HEALTH SERVICES, KERALA.
  • Shannon L. Wagner, NW. (2009). Mental Disorders in Firefighters Following Large-Scale Disaster. DISASTER MEDICINE AND PUBLIC HEALTH PREPAREDNESS, 15(4), 504-517. doi: 10.1017/dmp.2020.61
  • Sharma. SKV. (2016). Are our hospitals prepared for disasters? Evaluation of health-care staff vis-à-vis disaster management at a public hospital in India. INTERNATIONAL JOURNAL OF HEALTH SYSTEM AND DISASTER MANAGEMENT, 4(2), 63-66. doi:10.4103/2347-9019.183231
  • United Nations. (2009). Hospitals safe from disasters. 2008 – 2009 World Disaster Reduction Campaign. Technical guidelines, United Nations. .
  • United Nations Development Program and government of India. (2002).
  • WHO. Making health facilities safe in emergencies and disasters. Retrieved from https://www.who.int/activities/making-health-facilities-safe-in-emergencies-and-disasters
  • WHO, W. H. United Nations Development Program.